უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შემოჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან.
ბუდანოვის ინფორმაციით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების სამხრეთ ჯგუფს მეთაურობს, ილუზიას ქმნის, თითქოს რუსული ჯარები ხერსონის დატოვებას აპირებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამის თქმა შეუძლებელია.
"ქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი გაქრა. და ამავდროულად, პირიქით, შემოჰყავთ იქ ახალი სამხედრო ნაწილები და ქალაქის ქუჩებს თავდაცვისთვის ამზადებენ.
ისინი ამზადებენ ნიადაგს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად გავიდნენ იქიდან, თუმცა ახლა წასასვლელად კი არა, თავდაცვისთვის ემზადებიან," - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.
რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს. უკრაინის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის ოლქში 88 დასახლება გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.